იქნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - ოპოზიციის კონსულტაციები თბილისის ორი ოლქის - საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ირგვლივ საერთო კანდიდატების შესახებ გრძელდება. ცნობილია, რომ "გირჩის" ლიდერს, რომელმაც დიდუბის ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრის შესახებ დღეს განაცხადა, ღიად მხარი დაუჭირა "ევროპულმა საქართველომ", რომლის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის სიმბოლური დაპირისპირება იქნება, როგორც დაპირისპირება საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის.
ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ჯაფარიძის კანდიდატობის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ ჯაფარიძე იყოს საერთო კანდიდატი, პარტია დიდი ალბათობით მას მხარს დაუჭერს.
ზურაბ ჯაფარიძე არის ძალიან კარგი კანდიდატი, მათ შორის, ახლა ჩვენ ვიცით, რომ დიდუბე-ჩუღურეთში არის ბატონი ვოლსკი "ოცნებიდან", რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმის განსახიერებას, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. თუ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი, როგორც გაერთიანებული, კოორდინირებული ოპოზიციის კანდიდატი, ჩვენ, პოლიტსაბჭო ვიმსჯელებთ ამ გადაწყვეტილებაზე და გადავწყვეტთ, დავუჭიროთ თუ არა მას მხარი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.
"ლეიბორისტული პარტიაც" მზად არის ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდასაჭერად.
ჩვენი მიზანი და სურვილია, ხელისუფლებას ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავუპირისპირდეთ, შესაბამისად ერთიანი, შეთანხმებული კანდიდატით, აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ბატონ ზურბ ჯაფარიძის კანდიდატურას და ასევე მიმდინარეობს მუშაობა საბურთალოზე, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
"ოცნების" კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ის ახალგაზრდების ხმების მოპოვებასაც ცდილობს და ზურაბ ჯაფარიძეზე საუბრისას, ტრადიციულად, მას "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნას ახსენებს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს რაღაც ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ, რაც არასწორია, ეს საქმითაც დასტურდება, - ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, რომელსაც ჯაფარიძე ნებისმიერ თემაზე საჯაროდ სასაუბროდ იწვევს. გირჩის ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი რომელ თემას შეეხება, რომელ პლატფორმას გამოიყენებენ და რომელი ფორმატით წარიმართება ის.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გია ვოლსკის გარდა, მაჟორიტარობა მოძრაობა „ხალხისათვის“ დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება.
"გირჩი" საკუთარ მაჟორიტარებს 22 შეუთანხმებელ ოლქშიც წარადგენს, ამის შესახებ პარტიამ 4 აგვისტოს განაცხადა. ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარ აქტიურ წევრებში ეძებდნენ, რისთვისაც პორტალზე girchi.com სპეციალური ბმული ჰქონდათ გამოქვეყნებული.
"გირჩმა" გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა.
პარტიამ თავისი პროპორციული საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა 31 ივლისს, შიდა პრაიმერისის გზით გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: