ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 18 ივლისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება შეხვედრა სახელწოდებით "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ... ევროპის უსაფრთხოება" საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ. საუბარი შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს.
შეხვედრის მონაწილეებსა და დამსწრეებისთვის სპეციალური მიმართვა ექნება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ასევე, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ, ვიქტორ იუშენკოს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს, პოლონეთის ვიცე-პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის. რა ფორმატით იქნება ჩართული შეხვედრაში მიხეილ სააკაშვილი, ამ ეტაპზე უცნობია.
პანელურ დისკუსიაში უცხოელ ოფიციალურ პირებთან ერთად ჩართულები იქნებიან გიორგი ბარამიძე და ბათუ ქუთელია. ასევე მიმართვა ექნება უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს.