მსოფლიო ისტორიის ახალი ფურცელი 4 დღის წინ ვილნიუსში დაიწერა - NATO-ს ისტორიულ სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ მიუხედავად რუსეთის მუქარისა, მიუხედავად უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრისა, ალიანსი გააგრძელებს გაფართოებას, და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების შეთავაზებას მისი წევრებისა და ევროპის კონტინენტისთვის.
უკრაინა გახდება NATO-ს წევრი მაპის გარეშე, და რუსეთის დასამარცხებლად საჭირო ყველა ტიპის შეიარაღებას შეუფერხებლად მიიღებს. ასევე, ალიანსის ქვეყნები ფინანსურადაც დაეხმარებიან ომში მყოფ ქვეყანას. შვედეთი უახლოეს მომავალში გახდება NATO-ს წევრი. თუმცა, ამ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერი პერსონა ნონ გრატა აღმოჩნდა.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ გერმანულმა პრესამ დაასახელა ღარიბაშვილის ვილნიუსში არყოფნის მიზეზი მას გასაგებად უთხრეს, რომ მისი ადგილი ვერ იქნებოდა იმ ალიანსის სამიტზე, რომელსაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ანუ ღარიბაშვილს გასაგებად უთხრეს, რომ რუსული განცხადებების შემდეგ, პუტინის რიტორიკის გამეორების შემდეგ - პირადად მას არაფერი ესაქმებოდა ვილნიუსში.