საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშების გატანის მცდელობა სანდოობას უკარგავს პროცესს.
რაც შეეხება პოლონეთის მხარის პოზიციას, საგარეოს ინფორმაციით, დიპლომატმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის არ არის ინფორმირებული, "რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი".
"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.
პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლონელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დღეს 17 ივლისს დაიბარა. საქმე ეხება პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად შესულმა პოლონელმა ექიმმა, სააკაშვილის ნიმუშის გატანა მალულად სცადა.