
დღეს, 11 აგვისტოს მესტიაში ეპიდემიოლოგების კიდევ რამდენიმე ჯგუფს ელოდებიან. ადგილზე უკვე მუშაობს მედიკოსთა 6 ჯგუფი და სპეციალისტები გაფართოებულ კვლევას უკვე ატარებენ. 300-ზე მეტ ადამიანს სოფელ ლენჯერში კორონა ვირუსზე ნიმუშებიც აუღეს, რომლის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სწორედ ამ ტესტირებაზეა დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა საკარანტინო რეჟიმი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ამ დროისთვის იზღუდება შესვლაც გამოსვლაც. ისინი, ვინც რეგიონის დატოვებას მაინც გადაწყვიტეს, საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ, სადაც ორი კვირის განმავლობაში მოუწევთ ყოფნა. ამ მიზეზით ბევრმა ადგილობრივმაც და ტურისტმაც მესტიიდან გამოსვლა გადაიფიქრა და გზიდან ისევ უკან მესტიაში დაბრუნდა. მესტიაშივე საკარანტინო ზონის მოსაწყობად 18 სასტუმრო შეირჩა, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მზადაა 327 ნომერი.
შეგახსენებთ, რომ კარანტინი ერთ-ერთ ყვევლაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სოფელ ლენჯერში 17 ადამიანს COVID -19 დაუდასტურდა. ყველანი ახლო ნათესავები არიან. მათი ნაწილი ლენჯერში თბილისიდან ჩავიდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სწორედ თბილისიდან ჩასულ ქალს გამოუვლინდა. როგორც გაირკვა მას რამდენიმე დღე ჰქონდა სიცხე. 6 აგვისტოს მესტიის საავადმყოფოში მიყვანისას ორმხრივი პნევმონია დაუდასტურა. რეგიონში მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები.
10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 17 სწორედ სვანეთს უკავშირდება.