ბელგიაში სასამართლომ 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტებში 10 ეჭვმიტანილიდან 6 დამნაშავედ ცნო. მათ ბრალად მკვლელობა და მკვლელობის მცდელობები ედებათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ თავდასხმების უკან ტერორისტული მოტივი იყო და მათ განზრახული ჰქონდათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლა. ეს პირები დამნაშავედ ცნეს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვისაც.
გადაწყვეტილება ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა. სასჯელის სახე მოგვიანებით, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ბრიუსელში ტერაქტები 2016 წლის 22 მარტს, აეროპორტსა და მეტროში მოხდა. შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო.