NATO-ს განცხადებით შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.
გუშინ 26 ივლისს ნატო-უკრაინის საბჭო შეიკრიბა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით გაიმართა და დიდწილად მარცვლეულის შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს დაეთმო. მოკავშირეებმა იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა შეთანხმება.
ნატო აღნიშნავს, რომ გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთში და რუმინეთში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში საშიშ და ესკალაციურ ქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება.
"რუსეთის ქმედებები ასევე მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას, რომელსაც ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და აძლიერებენ ჩვენს სიფხიზლეს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან", - თქვა სტოლტენბერგმა.