"გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა სთხოვა მიეწოდებინა მათთვის განახლებული ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ივნისის თვეში ეწვივნენ.
კითხვის პასუხად, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა თქვა:
"ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით", - განაცხადა ო’ბრაიენმა.
სენატორმა შაჰინმა იკითხა აშფოთებთ თუ არა საკითხი, რომ ფრენების განახლება შესაძლოა სანქციებისთვის თავის არიდებას დაეხმაროს:
"არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი უკან, რუსეთში ბრუნდება“ - თქვა ო’ბრაიენმა.