გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იმ განსასჯელთა ადვოკატები, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ, საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან. ჯერ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, აღმოჩნდა თუ არა შაქარაშვილის ტანსაცმელზე ან სხეულზე ბრალდებულთა გენეტიკური პროფილი, ან ვისი კვალია ახალგზარდის წელის ჩანთაზე? უფლებადამცველებს ბევრი კითხვა აქვთ, მათ შორის, რა მტკიცებულებების საფუძველზე დაუმძიმეს 5 დაკავებულს ბრალი.
ბრიფინგზე გავრცელებული ტრიდე სიუჟეტებით არანაირ ახალ ინფორმაციას არ გვაძლევს. ეს იყო მანამდე რაც არსებობდა, უბრალოდ დაემატა ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნა, სადაც საუბარია გარკვეული გარემოებების გამორიცხვას, რომ დაგორებით და ა.შ. დაზიანებას ვერ მიიღებდა და აქედან გამომდინარე, ვარაუდით მიიჩნიეს, რომ ჰქონდა ადგილი ძალადობას და მკვლელობას. მტკიცებულებები არ არსებობს, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.
პროკურატურას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, როცა მტკიცებით ფორმაში სთავაზობს მის ვერსიებს და გვეუბნება იმას, რომ ხუთივე პირმა მიაყენა ფიზიკური დაზინება მდინარესთან შაქარაშვილს და მერე ხუთივე პირმა ის გადააგდო მდინარეში. რაზე დაყრდნობით საუბრობს, რა მტკიცებულებებზე, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, - ამბობს არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაური.
შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ბრალის დამძიმების შემდეგ უკვე ელოდება, რომ სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ასევე არ გამორიცხავს, საქმის სხვა ფიგურანტების პასუხისგებლობაც გამოიკვეთოს.
ახლა ჩვენ გადავერთვებით იმაზე, რომ ვნახოთ კიდევ ხომ არ დარჩა ვინმე პასუხისმგებაში მისაცემი, ვინმეს სისხლისსამართლის პასუხისმგებლობაზე ხომ არ შეიძლება ვიმსჯელოთ, - იგი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.