ახალაქალაქში ისევ პოლიციაა მობილიზებული. ხვალ, 13 აგვისტოს 8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის მამაკაცი უნდა დაკრძალონ.
უსაფრთხოების მიზნით ახალქალაქში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან. ახალი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველები სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ყველა ბრალდებულის სახლთან მორიგეობენ. მათ სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადგილობრივები მომხდარზე და ახალქალაქში შექმნილ ვითარებაზე არ საუბრობენ.
შეგახსენებთ რომ მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, ახალქალაქში 8 აგვისტოს ღამით მოხდა.
ერთმანეთს ხელკეტებით, ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ და დაარბიეს სახლები, გადაწვეს სასტუმრო.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
27 წლის ვართიკ მირანიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაშია. არტურ გაბრიელიანისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ მიიიღო.
გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ბრალდებულის უფლებადამცველი, რომელიც სახაზინო ადვოკატია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ბრალდებულის სურვილი იყო, რადგან გაბრიელიანი შიშობს, რომ გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.