გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იმ განსასჯელთა ადვოკატები, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ, შსს-ში იმყოფებიან - მათ საქმის მასალებს გადასცემენ. ჯერ ისევ პასუხგაუცემელია აღმოჩნდა თუ არა შაქარაშვილის ტანსაცმელზე ან სხეულზე ბრალდებულთა გენეტიკური პროფილი, ან ვისი კვალია ახალგზარდის წელის ჩანთაზე? უფლებადამცველებს ბევრი კითხვა აქვთ, მათ შორის რა მტკიცებულებების საფუძველზე დაუმძიმეს 5-თ დაკავებულს ბრალი. გამოძიებასთან კითხვები აქვს ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასაც.
ცნობილია, რომ 22 ტომიან საქმეს დამატებული აქვს კიდევ 4 ტომი. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას დაამტკიცებს.
ორგანიზება თვითონ გაუკეთეს ვაკე-საბურთალოელებმა, სიკვდილის პირას რომ მიიყვანეს ჩიქოვანი, ცემეს, კინაღამ მოკლეს, შემდეგ წამოვიდა სახლში, გაოგნებული, გაუბედურებელი, არ მიბრუნებულა უკან, - ამბობს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე.
ნიკოლოზ რევაზიშვილის უფლებადამცველი შოთა კახიძე ამბობს, რომ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება, ვინაიდან იგი არის უადანაშაულო და შესაბამისად, უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ იარსებებს, თუ არ მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
კახიძის თქმით, რევაზიშვილი იმყოფებოდა ფერად შენობასთან და ხევში არავის ჩაჰყოლია, ამის შესახებ კი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებიდანაც ხდება ნათელი, რომელიც ამბობს, რომ რევაზიშვილი მდევრებს შორის არ ყოფილა.
ერთ-ერთი არასრულოვანის მამა ამბობს, რომ პროკურატურას მისი შვილის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები და პროკურატურამ ბრალი მხოლოდ დაღუპულის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებების საფუძველზე წარუდგინა მას. თამაზ ხომასურიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო მის შვილს გაამართლებს.
მოლოდინი მაქვს, რომ ადეკვატური მოსამართლე შეხვდება და ამ საქმეს დაახევს თავზე პროკურატურას, - ამბობს ხომასურიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.