"ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც იმსახურებენ - ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა!", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის წევრი ვაჟა დარჩია საუბრობს და ბათუმელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ხვალ დილის 6 საათზე ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოდის რუსული საკრუიზო გემო ასტორია გრანდე. ბორტზე ამჯერად პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტები არიან. ადამიანები, რომლებიც ამართლებენ უკრაინაში ომს და გარდა ამისა, ამ გემის მგზავრები ვნახეთ, რომ არ იცავენ საქართველოს კანონებს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოკუპაციის კანონს. გამომდინარე აქედან, მე მოვუწოდებ ბათუმელებს, რომ ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ - შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - ამბობს ვაჟა დარჩია.
საკრუიზო ლაინერს, რომელიც 31 ივლისს სოჭიდან გამოვა და ბათუმში რუს პროპაგანდისტებს ჩამოიყვანს, მოქალაქეები აქციით დახვდებიან.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ და დილის 7:00 საათზე გემს დახვდებიან. ბათუმში აქციას დედაქალაქიდანაც შეუერთდებიან.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.