ქარელის მერი სასჯელს გადაურჩა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა გულიაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და საქმის მოკვლევა შეწყვიტა. საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, სადაც კარგად ჩანს, როგორ აგინებს ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და შერჩევით სამართალზე საუბრობს. ლექსო მერებაშვილის თქმით, სამართალდარღვევა, რომელიც ზაზა გულიაშვილმა ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობაა და 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიღებული გადაწყვეტილება არის მიკერძოებული, რამდენადაც სამართალდამრღვევი ამჯერად არის ქარელის მერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩნდება კითხვა, დააჯარიმებს თუ არა შსს სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც შეაგინა ზაზა გულიაშვილმა, - ამბობს მერებაშვილი.