გახდება თუ არა ანაკლიის პორტის მთავარი აქტორი ჩინური მხარე - საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პორტის განვითარება "საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პორიორიტეტია".
ჩინელი ბიზნესმენები ანაკლიის პორტის მშენებლობით ჯერ კიდევ 2016 წელს იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მაშინ პირობა იყო, რომ მათ პორტის 1/3 უნდა აეშენებინათ, ამ პირობაზე მაშინ ჩინეთმა უარი განაცხადა.
პორტის აშენებაში ჩინური მხარის ჩართვას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პროექტი საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
ოპოზიციის შეფასებით, ჩინური მხარის მხრიდან ამგვარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა საფრთხის შემცველია.
""არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს, დიპლომატიური აღიარებების სანცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება.
დღეს ყველანი ვხედავთ: ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა უდიდესი წინსვლა, ეს საქართველოსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა განსავითარებლად. სწორედ ამიტომ უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატები ანაკლიის პორტის განვითარებისკენ მოწოდებას აკეთებს. როგორც ვიცით, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით. მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს შეესაბამებოდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა," -აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ასევე ნახეთ: