ადვოკატების პროტესტი პროკურატურას - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების უმრავლესობამ საქმის მასალების გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება მათ უკრძალავს ილაპარაკონ სიმართლე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის ახალი ტომები, რომლითაც "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა არ გადაეცათ.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ბრალდებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გამოძიებას მათი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ შევეპუებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევიდეთ იმ ბრძოლაში. მე ადრეც აღვნიშნე, რომ პროკურატურამ გამოგვიცხადა ომი. ახლა ცდილობს, რომ აი ამ ომში უსამართლოდაც მოიქცეს. ახლა ახალი მასალები არ აქვთ არაფერი წარმოდგენილი. არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. ახლა უნდათ, რომ მონურად მიგვიყვანონ, ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე და გვაღიარებინონ, რომ თურმე ახალი არაფერი არ ხდება დაა რადგან მე ხელი მაქვს მოწერილი ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ რო გაუთქნმელობა მაქვს მიცემული. ვერ მივართვით, ამას არ გავაკეთებთ ჩვენ, ვაპირებთ რომ ვიდაოთ სამართლებრივად, - ალექსანდრე კობაიძე
ადვოკატ, ბექა ნემსიწვერიძის თქმით, არ აპირებენ გაუთქმელობაზე ხელმოწერას, რადგან ამ მასალებს არ იბარებენ.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ საქმიანობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას პროკურატურას არ მისცემენ.
დღეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პრემიერმინისტრმა კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ახალ მთავარია გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის გვერდით დგომა. მისივე თქმით, აუცილებელია დროული, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.