გახდება თუ არა ყაზბეგის რაიონში ეპიდემიის აფეთქების ახალი კერა - სტეფანწმინდაში მასშტაბური კვლევა მიმდინარეობს. კორონავირუსი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს დაუდასტურდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფართომასშტანიაბი ტესტირება ტარდება სტეფანწმინდის რამდენიმე სოფელში და ტესტირების პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილის თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა საბაჟოს თანამშრომელია.
როგორც იცით არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. თუმცა ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. დღეის მონაცემებით არის 7 და უნდა დაველოდოთ ლაბორატორიის პასუხს. დადასტურებული შემთხვევებიდან არიან საბაჟოს თანამშრომლები, - ალექსანდრე ზაგაშვილი
მესტიაში კი ამ დროისთვის 1400-მდე ტესტია აღებული და ცნობილია 450 პასუხი, საიდანაც 30 პასუხი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა. სოფელ ლენჯერში საკარანტინე ზომები გამკაცრდა და ადგილობრივებს გადაადგილების უფლება შეეზღუდათ.
ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, კვლავ ძალაში რჩება, რომ უნდა შევეგუოთ კოვიდ19 ცხოვრებას და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს გუშინ, 11 აგვისტოს დაუდასტურდათ. ასევე კოვიდ 19 გამოუვლინდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელს, მათ შორისაა ლარსის საბაჟო პუნქტის შვიდი თანამშრომელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.