
საგანგაშოს და სახელმწიფოს სირცხვილს უწოდებს "ევროპული საქართველო" გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დაუმორჩილებლობას და აბიტურიენტსა და მის დედას, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, სოლიდარობას უცხადებს:
"საგანგაშოა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დანაშაულებრივი დაუმორჩილებლობა.
ქართული სახელმწიფოს სირცხვილია, რომ აბიტურიენტის მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობის დაწყება უწევს მაშინ, როდესაც მისი აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.
სოლიდარობას ვუცხადებთ აბიტურიენტს და მის მშობელს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი დროებითი განჩინება.
მსგავსი განუკითხაობა კანონის უზენაესობის უტიფარ უგულებელყოფასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი არ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებსა და გამოწვევებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში. " ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ დღეს არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას, რისი ნებაც ქართული ოცნების ხელისუფლებას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნიათ. "ევროპული საქართველო" საკუთარ ხედვას აქვეყნებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირების ძირითადი პრინციპების თაობაზე და წერს, რომ არსებული საგამოცდო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სამი სახის გამოცდით:
"ვარდების რევოლუციის შემდგომ ეროვნული გამოცდების შემოღებით აღმოიფხვრა კორუფცია საგამოცდო პროცესიდან და დამკვიდრდა კომპეტენციაზე დამყარებული კონკურენცია აბიტურიენტებს შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა ყველა აბიტურიენტს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან, თავისუფალ კონკურენციაში გამარჯვებით მიეღო წვდომა უმაღლეს განათლებაზე.
2019 წელს განათლების სამინისტროს მიერ ეროვნული გამოცდებიდან უნარების გამოცდის ამოღება, რამაც კატასტროფულად შეამცირა გამოცდების ეფექტურობა აბიტურიენტთა კომპეტენციის შეფასების კუთხით.
დღეს არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას, რისი ნებაც ქართული ოცნების ხელისუფლებას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნიათ.
განათლების სისტემის რეფორმის სრული კონცეფცია მუშავდება პარტნიორ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ სტუდენტურ ჯგუფებთან ერთად პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში და დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის ახლო მომავალში გამოქვეყნდება.რეფორმის სრული კონცეფციის განხილვამდე, გთავაზობთ ევროპული საქართველოს ხედვას, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირების ძირითადი პრინციპების თაობაზე. არსებული საგამოცდო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სამი სახის გამოცდით:
1. უნარების გამოცდა - შეამოწმებს აბიტურიენტის კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს. უნარების გამოცდა სავალდებულო იქნება ნებისმიერ პროგრამაზე ჩაბარებისთვის;
2. საგნობრივი/სპეციალობის გამოცდა - უნივერსიტეტები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, რომელი საგნობრივი გამოცდით იქნება შესაძლებელი კონკრეტულ სპეციალობაზე ჩაბარება;
3. ზოგადი განათლების გამოცდა - შეამოწმებს საშუალო განათლების საფეხურის ყველა შესაბამის დისციპლინაში მიღებულ მინიმალურ ცოდნას. ამ გამოცდის საფუძველზე შედგება სკოლების რეიტინგი;
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს უნარებისა და სპეციალობის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, აუცილებელი უნდა იყოს ზოგადი განათლების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ტარდებოდეს წელიწადში რამდენჯერმე და აბიტურიენტებს კი ამ გამოცდების ჩაბარება უნდა შეეძლოთ მე-9 კლასიდან. რამდენჯერმე ერთი და იმავე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს აბიტურიენტის საუკეთესო შედეგი სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოსაპოვებლად.
გამოცდების მრავალჯერადად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. გამოცდების ადმინისტრირების პროცესში ჩართვა უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ავტორიტეტული აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს. შედეგად, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავად აარჩიონ მათთვის ხელსაყრელი ცენტრი, დრო და ადგილი.
ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი1. ადეკვატურად შეამოწმებს აბიტურიენტის სააზროვნო უნარებს და ამა თუ იმ საგანში დაგროვებულ ცოდნას;
2. სრულად უპასუხებს აბიტურიენტების საჭიროებებს და მოხსნის ყველა სისტემურ ბარიერს უმაღლესი განათლების მისაღებად;
3. გამოცდების ჩაბარების დროითი მოქნილობა გარკვეულწილად სტრესის მომხსნელი ფაქტორი იქნება და რაც მთავარია, მისი სადამსჯელო ბუნება თვითგანვითარების წამახალისებელ მექანიზმად გარდაიქმნება." ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.
შეგახსენებთ, აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშა, შიმშილობა დაიწყო.
გამოცდის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლომ დაავალა, თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, დღეს უწყებამ აბიტურიენტს მისწერა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.
აბიტურიენტის ინტერესებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანებისთვის უფლებებისთვის" იცავდა. PHR-მა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც აბიტურიენტის წერილობით მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა, რომ ის გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა.
27 ივლისს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და NAEC-ს დაავალა დამატებით გამოცდა დაენიშნა აბიტურიენტისთვის.