თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რუსული გემის საქართველოში ჩამსოვლა ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება და "ამას არ უნდა შევუშალოთ ხელი".
კალაძის მტკიცებით, ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის ჩამოსვლის გასაპროტესტებლად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ.
"მე არ ვიცი რა რას ემთხვევა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული რამდენიმეკაციანი აქცია და შეგიძლიათ ინდივიდუალურად ნახოთ იქ მყოფი ადამიანები, ნახოთ მათი წარსული, ნახოთ მათი აწმყო, დღეს რას საქმიანობენ, ვინ არიან. რეგიონში არ დატოვეს არცერთი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვინც არ ჩაეყვანათ იმ დღეს ბათუმში. ვიღაცა არასწორ განცხადებას აკეთებს და ამით არ უნდა შევაფასოთ ყველაფერი, აქ საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე და ამას არ უნდა შევუშალოთ ხელი. რაში მაინტერესებს საერთოდ მარია ზახაროვა, ეს თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გყავდეთ", - ამბობს თბილისის მერი.
31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული ლაინერი შემოვიდა, რომელმაც ქვეყენაში რუსი ტურისტები შემოიყვანა. არსებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საერთო ჯამში აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.
ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე, დაგეგმილზე ორი საათით ადრე 20:00 საათზე დატოვა. გარდა ამისა, საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე ინფორმაცია აღარ იგეგმება.