სოლიდარობა ბელარუსს - მინსკში არეულობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

20 ივნისის აქციის მონაწილეებმა საგანგებო ვიდეომიმართვა ჩაწერეს და ბელარუს ხალხს სოლიდარობა  გამოუცხადეს. ოკუპანტებისა და ოლიგარქიის მოწინააღმდეგეებმა ზუსტად იციან იმ ბრძოლის ფასი, რომელშიც ახლა ბელარუსიის მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული.

ბელარუსის მილიციამ, ომონმა და შინაგანმა ჯარმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ დღეს კვლავ გამოიყენეს შოკური ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალოვანები შემთხვევით გამვლელებსაც არ ინდობენ და ადამიანებს არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სახლების ეზოებშიც აკავებენ.

ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებაც. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიის სამ თანამშრომელს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მათთვის ვიდეოკამერის წართმევა სცადეს. სამივე ჟურნალისტი მსუბუქად დაშავდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ოცდაათამდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი დააკავეს.

ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ზედიზედ მეექვსე ვადით არჩევნების გაყალბების შედეგად გაპრეზიდენტდა, არამხოლოდ ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის, არამედ ასევე საერთაშორისო საზოგადოების აზრია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა არჩევნებს უსამართლო და არადემოკრატიული უწოდეს და ბელარუსის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება დაგმეს.

მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო, დათმობას არ აპირებს და ოპოზიციას სამართალდამცავებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში ადანაშაულებს.

ბელარუსის ლიდერი მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებით არ კმაყოფილდება. ორშაბათს, 11 აგვისტოს, ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოქცეული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში ეპოვა თავშესაფარი. გამგზავრებამდე მან საჯარო განცხადება გააკეთა, თანამოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და მოუწოდა, სიფრთხილე გამოეჩინათ.

რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი ბელარუსი მმართველის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, რთული სათქმელია, თუმცა ჯერ-ჯერობით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების საპროტესტო განწყობა არ ჩამცხრალა. დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხები მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ორგანიზაცია უკვე გამოეხმაურა და დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

დღევანდელი მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით დაშავდა, 2000-ზე მეტი კი დაპატიმრებულია. რამდენად შეძლებს ლიდერის გარეშე დარჩენილი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა გამარჯვებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი