ოპოზიციამ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ ივანიშვილთან არ ითანამშრომლებს - თინა ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ თანამშრომლობს პაქტს, რომელიც ასევე, ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი იქნება. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დავადასტუროთ ხელმოწერით, რომ ჩვენ ამ არჩევნებში შევდივართ  ჩვენი პოლიტიკური პლატფორმით, გეგმებით და კონკრეტული წინადადებებით. ერთი რამ, რაც არ შეიცვლება არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, არის ჩვენი პოზიციონერობა ივანიშვილის მიმართ და ის, რომ ჩვენ, ოპოზიცია არ შევუქმნით ამ ადამიანს მთავრობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს
ეხმაურება. ამბობს, რომ კვლვის შედეგებმა აჩვენა, რომ ოპოზიციას ერთობლივად მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მმართველ გუნდს. შესაბამისად, მათ აქვთ გამარჯვების შანსიც და გეგმაც. ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" არ უნდა მიეცეს შანსი, ოპოზიცია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

საინტერესოა, ვინ შეიძლება გამოიყენოს ბიძინა ივანიშვლმა როგორც ერთგვარი ჯოკერი იმისთვის, რომ საკონტროლო პაკეტი მოიპოვოს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად? დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ არ აქვს შანსი მთავრობის კომპლექტაციის. ის რომ ივანიშვილის გუნდი 50 პროცენტს ვერ მიიიღებს ეს მან გადასარევად იცის, - ამბობს ბოკუჩავა.

მისი აზრით, კვლევის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა ამომრჩევლის მთავარი განწყობა, კერძოდ ის, რომ  მოსახლეობის 53% -ისთვის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

IRI-ის კვლევის შედეგები კი ასეთია:

მომდევნო კვირა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს:

  • "ქართული ოცნება" - 33 % - პირველი არჩევანი, 2 % მეორე არჩევანი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 16 % პირველი არჩევანი,- 4% მეორე არჩევანი;
  • "ევროპული საქართველო" - 5% პირველი არჩევანი - 6 % მეორე არჩევანი;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3% პირველი არჩევანი - 5 % მეორე არჩევანი;
  • "ლეიბორისტული პარტია" -2% პირველი არჩევანი - 4 % მეორე არჩევანი;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 2% პირველი არჩევანი - 3% მეორე არჩევანი;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2% პირველი არჩევანი - 3 % მეორე არჩევანი;
  • "გირჩი" - 2% პირველი არჩევანი - 1% მეორე არჩევანი;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 17 %-ს, პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? 

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 29%;
  • "ქართული ოცნება" - 25%;
  • "გირჩი" - 16%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 12%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 9%;
  • "სამართლიანობისთვის" - 9%;
  • "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 9%;
  • "ევროპული საქართველო" - 7%;
  • "კონსერვატიული პარტია" - 6%;
  • "გამარჯვებული საქართველო" - 6%;
  • "ლელო საქართველოსთვის" - 6%;
  • "ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%;
  • "თავისუფალი საქართველო" - 5%;
  • "რესპუბლიკური პარტია" - 4%;
  • "სამოქალაქო მოძრაობა" [ალეკო ელისაშვილის პარტია] - 4%;
  • სხვა - 1%;
  • კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს;
  • პასუხის გაცემაზე უარი თქვა 11%-მა.

 საჯარო პირების შეფასება: კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი