რეპეტიციას გადიან, რომ წინასაარჩევნოდ კარგად ჩაგვკეტონ - სვანეთში ჩაკეტილი ხალხი

გამოქვეყნდა:

მესტიაში დღეს იმ 800-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელიც ეპიდემიოლოგებმა გუშინ, 12 აგვისტოს აიღეს. ორი დღის წინ აღებული 600 ნიმუშიდან კი კოვიდ 19 მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევა ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა და შესვლა-გასვლა სრულად აკრძალულია.

ყაზბეგთან დაკავშირებით, სადაც ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსი შსს-ს 7 თანამშრომელს დაუდგინდა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში არ არის საგანგაშო ვითარება, იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი და ამ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო ზომების საჭიროება არ არის.

დღეს, 13 აგვისტოს 300-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა როგორია ეპიდვითარება ყაზბეგში.

ადგილობრივების თქმით, მათ საკვებთან და მედიკამენტებთან წვდომა არ აქვთ, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საკუთარი ძალებით უხდებათ პრობლემებთან გამკლავება. ისინი ეჭვობენ, რომ სვანეთის ჩაკეტვა წინასაარჩევნოდ ხელოვნურად მოხდა, რადგან კარანტინის დაწესების აუცილებლობა არ ყოფილა. 

ჩაკეტილი ვართ და რეპეტიციას გადიან, საარჩევნოდ კარგად როგორ ჩაგვკეტონ, არ გვიშვებენ ლენჯერიდან არც იქით, არც აქეთ, ჩამწყვდეული ვყავართ საქონელივით. წინა დღეს მქონდა ჰიპერტენზიული კრიზი, 300-მდე წნევა, სასწრფომ ძლივს დამიგდო, წამლებიც არ მქონდა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მათი თქმით, ადგილებზე, სადაც ტესტირებები ტარდება, არანაირ დისტანციას არ იცავენ. 

ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, კვლავ ძალაში რჩება, რომ უნდა შევეგუოთ კოვიდ19-თან ერთად ცხოვრებას და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს გუშინ, 11 აგვისტოს დაუდასტურდათ. ასევე კოვიდ 19 გამოუვლინდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელს, მათ შორისაა ლარსის საბაჟო პუნქტის შვიდი თანამშრომელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი