რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფორმაცია, რომ რიკოთის რეაბილიტაცია სანქცირებულ კომპანიებს დაევალათ სიცრუეა.
როგორც ქარსელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რიკოთის 4 მონაკვეთზე, ოთხი სხვადასხვა კომპანია მუშაობს, რომლებიც 10 აგვისტოს მდგომარეობით სანქცირებულთა სიაში არ იყვნენ:
"საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია სანქცირებულია და საქართველოს მთავრობამ რიკოთის გვირაბი მისცა, პროექტი ჩააბარა, არავისთვის არაფერი მიგვიცია და არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების, გამარჯვებულების შერჩევა. რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, სადაც მაღალი კონკურენციის დონზე იყო და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ვერ გაფორმდებოდა თუ კომპანია იქნებოდა სანქცირებული. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
მკაცრად განსაზღვრულია "ფიდიკის" ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვითარდება პროექტი და მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები.
სანქცირება, დაუშვათ, არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საავტომობილო დეპარტამენტს ვთხოვე ღია წყაროებში გადაემოწმებინათ აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა სანქცირებულთა სიაში და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული კომპანია არცერთი არ იმყოფება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სანქცირებულთა ანუ შავ სიაში.
მე მგონი ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს" - ამბობს ქარსელაძე.
ქარსელაძის თქმითვე, რიკოთის მონაკვეთზე, ჯამში, 52 კმ-მდე გზა უკვე დასრულებულია:
"რიკოთის მონაკვეთზე, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში, 52 კმ-მდე გზა, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით, დაახლოებით, უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%"-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ რიკოთის ოთხი მონაკვეთიდან დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი (ხევიდან ზესტაფონამდე), მათი პროგრესი არის 90% და 96%. ამ მონაკვეთების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება, ხოლო პროექტი 2024 წელს დასრულდება." თქვა ქარსელაძემ.
განმარტებები ინფრასტრუქტურის მინისტრს მას შემდეგ დასჭირდა, რაც პარტია ლელომ რიკოთთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათი ცნობით, რიკოთზე გზას საეჭვო წარსულის მქონე ჩინური კომპანიები აშენებენ და სამივე ჩინური კომპანია, რომელსაც სხვადასხვა მონაკვეთი აქვთ ჩაბარებული, სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მხილებულები არიან კორუფციულ გარიგებებში, სამშენებლო ნორმების დარღვევასა და არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში.
იხილეთ ასევე: