
ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულ ლევან სირაბიძის პროცესი. სხდომას მოკლული ახალგაზრდის, ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს სასამართლოს წინაშე ბრალდებული უნდა დაკითხულიყო, თუმცა მან უარი განაცხადა.
უკვე დასრულდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მხარეები დასკვნით და საბოლოო სიტყვას 9 ოქტომბერს იტყვიან. მოკლულის ოჯახის წევრები სირაბიძეების ოჯახს მოწმეების მოსყიდვასა და ცრუ ჩვენებებში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ ისინი ქართულ ოცნების გავლენებით სარგებლობენ.
დაკავებულის ბიძაშვილი რიჩარდ სირაბიძე ბათუმის საკრებულოს წევრია ქართული ოცნებიდან.
ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, საქმე თავდაყირა 24 ივლისს, მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ დადგა, როდესაც ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ პირველი ჩვენება შეცვალა და განაცხადა რომ მოკლულს ცივი იარაღი ეჭირა და ამით სირაბიძეების ოჯახის წევრებს სურთ სასჯელი შეუმსუბუქონ დაკავებულს.
მკვლელობა ბათუმში 11 მარტს მოხდა, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და დაკავებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე