სროლა და შეტაკებები სპეცრაზმთან - ბელარუსი ცვლილებების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ხელისუფლებამ, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ძალოვანებს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ვიდეო, რომლებშიც პოლიციელებისა და სპეცრაზმელების სისასტიკეა ასახული. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ცნობილი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვიც, რომელიც იმ დროს აიყვანეს, როდესაც საკუთარი სახლიდან მაღაზიაში მიდიოდა. 
პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგე ვიტალი შკლიაროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩენვების დროს თბილისში ცხოვრობდა და ის გრიგოლ ვაშაძის შტაბში მუშაობდა. 

"მთავარი არხი" დღეს მინსკში მცხოვრებ რამდენიმე ჟურნალისტს დაუკავშირდა. ვიდეო ინტერვიუში ანა ზლატკოვსკაია ყვება, რომ ქუჩაში გასვლაც კი საშიში გახდა. 

აქციების მეხუთე დღეს, ცნობილი გახდა მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ქალაქ გომელში, მილიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს, 25 წლის მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა რამდენიმე საათი ჩაკეტილ ფურგონში გაატარა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 

პოლიციელთა სისასტიკემ და არაადეკვატურმა ქცევამ მოსახლეობაში სოლიდარობის გრძნობა გააძლიერა. პროტესტის გამოსახატავად ქუჩებში გამოსულ ხალხს ცნობილი ადამიანები უერთდებიან. პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს სამთავრობო ტელეარხების თანამშრომლებმა და სხვა ჟურნალისტებმა. გაიფიცნენ ექიმებიც და დაზარალებული ძალოვანების მკურნალობაზე უარს აცხადებენ. 

მოსახლეობას უერთდებიან ჯარისკაცები და პოლიციელები. სპეცდანიშნულების რაზმებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ, ხელისუფლების დახმარებაზე უარი თქვეს მილიციელებმაც.

6000 დაპატიმრებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაერო. ორგანიზაცია ხელისუფლების მოქმედებებით შეშფოთებულია და პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დათმობას არ აპირებს. ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს. 

აქციები სახელწოდებით "ძლიერი ბელარუსი ლუკაშენკოს გარეშე" ხუთი დღეა გრძელდება, რაც ხალხის მართვასა და ძალაუფლებას მიჩვეული ლიდერისთვის თავისტკივილად იქცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი