აშშ-ს მორიგი, მკაცრი გაფრთხილება საქართველოს მთავრობას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორებისთვის ლეგიტემაციას კარგავს. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ასახელებს პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ქვეყნის ხელისუფლება შეინარჩუნებს პარტნიორის სტატუსს. ვაშინგტონი დღეს უკიდურესად ხისტი და პირდაპირი იყო, მოთხოვნებიც მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებულია. მაგრამ "ოცნებას" არ სურს ამ კრიტიკის მოსმენა. მმართველმა პარტიამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების არასწორ ინტერპრეტირებაში ისევ პოლიტიკური ოპონენტები და ჟურნალისტები დაადანაშაულა .

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად მოთხოვნებს პუნქტობრივად უყენებს:

  • დემოკრატიის განმტკიცება;
  • გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნები;
  • დამოუკიდებელი სასამართლო;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება.

ორ ქვეყანას შორის მედიატორის როლი ამჯერად ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იკისრა. სტივენ ბიგანმა ონლაინ კონფერენციაში " საქართველო და სამეზობლო" "ოცნების" ხელისუფლებას მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გზავნილები კიდევ ერთხელ შეახსენა. კონფერეციას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც ამერიკის მკაფიო გზავნილები მმართველ გუნდს უნდა გადასცეს.

გადამწყვეტი პოლიტიკური არჩევნების წინ, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესს, რომ გამადიდებელი შუშით აკვირდება, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსების განცხადებებში მარტივი წასაკითხია. თუმცა პოლიტიკური პროცესი უკვე გასცდა მხოლოდ განცხადებებისა და საჯარო წერილების ფორმატს და კონკრეტულ ქმედებებში აისახა.

ახლა ყველა ელოდება საქართველოს შესახებ მაიკ პომპეოს ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ორივე პალატას 180 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ანგარიშში საპარლამენტო არჩევნებს დაეთმობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებისთვის გადამწყვეტი იქნება. ასეთი ხისტი გზავნილები კი ოპოზიციას მიანიშნებს, რომ მთავარი პარტნიორისთვის "ქართულმა ოცნებამ" ლეგიტიმაცია დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ სტივენ ბიგანის განცხადებაში მხარდამჭერ მესიჯებთან ერთად გზავნილები კონკრეტული და პუნქტობრივი იყო, მმართველმა გუნდმა ეს კონკრეტიკა ვერ დაინახა და სტრატეგიული პარტნიორის განცხადებების არასწორ ანალიზში ოპონენტები დაადანაშაულა.

მმართველი გუნდი არ აღიარებს, თუმცა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების არცერთ ეტაპზე ასეთი ხისტი და პირდაპირი, სტრატეგიული პარტნიორი, არასდროს ყოფილა. პარტნიორობის განმავლობაში პირველად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც თუ საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვევს, ქვეყანას 2021 წელს დახმარების 15 პროცენტი გაეყინება. ეს იქნება პირველი ფინანსური სანქცია,რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მიმართ გაატარებს.

არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. "ქართული ოცნება" მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე დგას. იტყვის თუ არა ივანიშვილის გუნდი უარს გადამწყვეტი არჩევნების წინ სახელმწიფოს მიტაცებასა და არჩევნების გაყალბებაზე, ეს 31 ოქტომბრს გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი