"ლეხ კაჩინსკი იყო NATO-ს გაფართოების ადვოკატი, რომელიც მოიცავს საქართველოსა და უკრაინას... მაშინ მას არ მოუსმინეს... ეს ყველა პოლიტიკოსისთვის გაკვეთილია", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთში, ქვეყნის არმიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!
ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.
პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა. და მან გააფრთხილა: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები.
პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო NATO-ს შემდგომი გაფართოების დიდი ადვოკატი, რომელიც მოიცავს საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ. მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა. და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს. სწორედ ამიტომ, ჩემი პრეზიდენტობის დროს არაერთხელ მივმართე პოლონეთის უსაფრთხოების საკითხების პოლიტიკური დავის გამორიცხვის თხოვნით. მითუმეტეს ისეთ მღელვარე დროში, რასთანაც ამჟამად გვაქვს საქმე.
ამ საზეიმო დღეს, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც 103 წლის წინ ბოლშევიკური არმია ვარშავას უახლოვდებოდა, ჩვენ შევძელით და როგორც ერი, გავერთიანდეთ, - განაცხადა დუდამ.