შაქარაშვილი "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს არ უცემიათ - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გამოქვეყნდა:

23 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილი "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს არ უცემიათ. 

ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. ვერ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილს საქმეში არსებული კიდევ ერთი მანქანის - "მერსედესის" მგზავრებმა სცემეს, თუმცა ამტკიცებს, რომ "ქამრის" მგზავრებს ეს არ გაუკეთებიათ.

მისივე თქმით, მისი შვილი ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე, ნარეკვავში, მეზობელსა და ოჯახის ახლობელს, ვახტანგ ჩიქოვანს გაყვა - "ჩემი შვილი შენობაში იყო და გარეთ დაინახა, რომ ჩხუბი იყო. ჩიქოვანი მივიდა, არ გვინდა ჩხუბი, გოგოს დაბადების დღეაო, თავში ჩაარტყეს რაღაც, გადაუჩეხეს თავი და მაგ დროს მოდის ჩემ შვილთან, წამოდი წამიყვანე ნახალოვკაში, გვცემენო. თავგატეხილი ცუდად იყო, წამიყვანეო და ჩემს შვილს მართვის მოწმობა არ აქვს და დასვეს ვიღაც სხვა, არ ვიცი.. და წამოვიდნენ ნახალოვკაში "ტოიოტა ქამრით"

თამაზ ხომასურიძე იხსენებს, რომ მისმა შვილმა მოუყვა, რომ თბილისში წამოსულებმა ნარეკვავში ორი მანქანა და ორი ბიჭი დატოვეს. "გზაში მოილაპარაკეს, რომ დაბრუნებულიყვნენ და ის ბიჭებიც წამოეყვანათ და მანქანებიც. ჩავიდნენ ისევ იქ, ის მძღოლები ჩაისვეს იმიტომ რომ წამოეყვანათ საბურთალოელები რომ დახვედროდნენ, კიდევ ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ და არ ეცემათ ეს ბიჭები. ადგილზე ჩასულებს აგარაკზე აღარავინ დახვდათ". 

მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზ.ხ. დაბადების დღის ღამით ნასვამი იყო, მოწეული ჰქონდა მარიხუანაც და "ნახევარი არ მახსოვსო".

ღიმილით მომიყვა ისეთი არაფერი მომხდარაო. გამიკვირდა, მთელი ღამე იქ უნდა ყოფილიყვნენ და დრო უნდა ეტარებინათ და ასე მალე მოვიდნენ - რა დროს ტარებაო, ამათთან ერთად წასვლა არსად არ ღირსო, იჩხუბესო. ბავშვმა ღიმილით დაიძინა. არაფერი იმას არც მოკლული ჰყავს.. 17 წლის გახდა 26-ში და თავის დაბადების დღეზე დააპატიმრეს, - ამბობს ხომასურიძე. 

არასრულწლოვნის მამა იხსენებს, რომ მეორე დილით გაიგო, რომ გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო და ვერ პოულობდნენ. "ჩემი გამოცდილებიდან, ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, ვიცი, რომ ოჯახს როცა აღარ ეხმაურება ადამიანი, ის ცოცხალი აღარაა. ჩემს ახლობელ პოლიციელს დავურეკე და ვკითხე წამეყვანა თუ არა ჩემი შვილი და თუ საჭირო იქნება, თვითონ დაგირეკავენო, დაელოდეო. კარგი მეთქი და ჩემს შვილს გარეთ არ ვუშვებდი, სახლში მყავდა"

მისივე თქმით, როგორც საკუთარმა შვილმა მოუყვა, ჩხუბში მონაწილე პირები გაიქცნენ, ისინი კი გაეკიდნენ, "სად გარბიხართ, დავილაპარაკოთო".

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, როგორ გაიქცა არასრულწლოვანი ზ.ხ. თუ იმ დროს "მთვრალი და დაბოლილი" იყო, არასრულწლოვნის მამა ასე პასუხობს: "როგორც შეეძლო, ისე დარბოდა  და როგორც შეეძლო ისე გარბოდა". 

ხომასურიძის თქმითვე, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი ე.წ. "ფერადი შენობის" უკან, ბუჩქებში მალებოდნენ. როგორც გადაცემაში თქვა, ეს კი საკუთარი წყაროსგან იცის. "ჩემმა შვილმა არ იცოდა ორივე ერთად რომ იყვნენ, მან მარტო ამირხანაშვილი დაინახა. მე ჩემი წყაროებით ვიცი, რომ ისიც იქ იყო. ჩანერგილი მყავს, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, ბიჭებმა, ჩემებმა მითხრეს. სახელს და გვარს ვერ დავასახელებ". 

ამის შემდეგ, არასრულწლოვნის მამა ყვება, რომ ბუჩქებიდან კაკიმ [ჩქარეულმა] ამოიყვანა გურამ ამირხანაშვილი "ხელი გაუწოდა, მოდიო. ამოყავთ ეს და წვიმს, ღამეა. ბიჭს ეუბნებიან, თუ გინდა წამოდი, თუ გინდა დარჩი. თუ გინდა შენს მეგობარს დაელოდე, თუ გინდა, მოგაძებნინებთო. ყველაფერზე უარს ამბობს, არ მინდა არც მოძებნა არაფერი, წამიყვანეთ თბილისშიო ეუბნება. წამოიყვანეს. ჩამოსვეს დიდუბეში და წამოიყვანეს სახლში. დიდუბეში ვინ შეხვდა არ ვიცი. ძალით თუ წამოიყვანეს დიდუბეში რატომ ჩამოსვამდნენ". 

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი წინ გარბოდა, "ხრამში ჩავარდა და გარდაიცვალა". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრესსაგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი