როგორ გაჩნდა შაქარაშვილის ჩანთა შემთხვევის ადგილას? - "მთავარი აქცენტების" სტუმრების მოსაზრებები

გამოქვეყნდა:

როგორ გაჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა შემთხვევის ადგილას? - ამ შეკითხვით მიმართა "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ საკუთარ სტუმრებს.

სანდრო ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი: "ჩანთა დადო გამოძიებამ იმ მიზნით, რომ აი აქ არისო, აქ ჩაიდინეს დანაშაულიო. და სხვათაშორის თავიდან დანაშაულზე კი არ იყო ლაპარაკი. თავდაპირველი მწყემსის მოტივის და სხვა მოტივების საფუძველზე, უბედური შემთხვევისკენ მიდიოდა ეს საქმე, და სად უნდა ეძებათ, ამიტომ დადეს იქ. მიმართულების საჩვენებლად".

ლევან სამუშია, "ლელო საქართველოსთვის" წევრი: "ჩანთა ალბათ აქილევსის ქუსლად იქცა. ჩანთას ვერ ხსნიან საერთოდ... ჩანთაზე უნდა გაგვცენ პასუხი. ან თუ ჩხუბი იყო, რასაც აღგვიწერენ, ჩხუბის დროს, ამ შემთხვევაში, სანამ იჩხუბებდა, ცხონებულ შაქარაშვილს უნდა ეთქვა ამ ხალხისთვის, მოიცადეთ, ჩანთა მოვიხსნა და ხიდის საყრდენზე დავდოო. ეს არის ვერსია, რასაც პროკურატურა გვეუბნება და მეორე ვერსია, ჩანთა როდესაც ამოიღეს, დასვრილი არ იყო ჩანთა. მე მგონია, რომ გარეშე პირმა მიიტანა იქ ჩანთა". 

მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიას" დირექტორი: "ჩანთა ფაქტია, რომ კვალის ასარევადაა დადებული. ვინ დაიჯერებს იმას, რომ ჩანთა დადეს და ჩხუბი მერე დაიწყეს.. დანაშაულის კვალზე ხომ უნდა იყოს სისხლის ანალიზი, დნმ და ასე შემდეგ".

ელისო კილაძე, "ქრონიკა+"- ის რედაქტორი: "ჩანთა იქ დაგვიდეს იმიტომ რომ ცხედარი მეორე დღეს მდინარეში უნდა ეპოვათ".

ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი: "როდესაც ამირხანაშვილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გაიყვანეს და მისი ჩვენების გადამოწმება მოსთხოვეს. მან ეს ჩანთა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით 17 წუთში აღმოაჩინა. ჩანთა მიამაგრეს, ფაქტია, რომ ამირხანაშვილი პოლიციამ ჩაიყვანა და უთხრა, რომ ჩანთა აქ არის, მოდი და შენ თვითონ თუ იპოვი. ამ შემთხვევაში, ამირხანაშვილმა ჩანთა ამოიცნო. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას სასამართლოზე მოუწევს". 

მურთაზ ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "ჩანთა იქ შეგნებულად დაიდო, რომ გამოძების კვალი არეულიყო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც შეუძლებელია მოვიპოვოთ, ან სისხლის ნიმუში, ან დნმ-ის კვალი, ან რამე სხვა კვალი, რომელიც გამოძიებას ხელს შეუწყობდა - ფაქტია, რომ ეს ფუნქცია ჩანთამ შეასრულა".

ცნობისთვის, გიორგი შქარაშვილის ჩანთა 19 ივნისის საღამოს "ოქროს მოწმემ" გური ამირხანაშვილმა საგამოძიებო ექსპერიმენტით სამართალდამცველებს მიუთითა თუ სად იყო 19 წლის ფეხბურთელის ჩანთა, რის შემდეგაც მისი ძებნა წყალში დაიწყეს და ეს მაშინ, როცა იმავე ადგილას რვა საათის განმავლობაში უკვე მიმდინარეობდა სამაშვლო სამუშაოები. ერთადერთი, რის გამოც ძიებამ ეს ტერიტორია შემთხვევის ადგილად გამოაცხადა ჩანთა. თუმცა "მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიებების სერიამ კი აჩვენა, რომ 19 ივნისის ღამეს შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრესსაგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი