გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და პროკურატურის ვერსია - ამ თემაზე საუბრობს ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები". ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების ვერსია არასანდოა და რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვასაც ასაჯაროებს:
მარიამ ჯიშკარიანის თქმითვე, როცა ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, დანაშაულის სცენის რეკონსტრუქცია, არალოგიკურია. ექსპერტმა შემთხვევის ადგილას დნმ-ის ნიმუშების არსებობის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა პროკურატურას რაიმე სახის დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, საინტერესოა იყო თუ არა დნმ-ი ჩანთაზე, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს - რაზეც პასუხი არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "ემპათიას" დირექტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილის ფეხსაცმელები და წინდები არ უპოვნიათ და მათ არც არავინ ეძებს. მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ შაქარაშვილი დაიხრჩო, გვამს წინდები და ფეხსაცმელები ფეხიდან ვერ გაძვრებოდა, რადგან, მისი თქმით, დახრჩობის დროს სხეული შუპდება.
ძალიან საინტერესოა, რომ ფეხსაცმელები და წინდები არ არის ნაპოვნი და არც არავინ ეძებს. სად წავიდა არავინ იცის. თუ კი ის დაიხრჩო, ამ დროს სხეული შუპდება და ვერ წაძვრებოდა. ღილებიც არ იყო გახსნილი. ბევრი კითხვის ნიშანია იმაზეც, რომ 900 მეტზეც არის ნამყოფი. მეორე ექსპერტიზაზე წერენ, ისეთი სწრაფი იყო მდინარე, ნავიც კი წაიღოო, ანუ თვითონ მიუთითებენ იმაზე, რომ მდინარის სიჩქარე სწრაფია, თუ ასე იყო მაშინ მდინარე გვამს 900 მეტრზე ვერ წაიღებდა, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.