სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს, არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი რუსეთს, რადგან მას რუსულ ციხეში წამება ელის.
ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხაებაში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის პოკურატურისგან ვადი ალტმანის ექსტრადირების მოთხოვნა 2020 წლის 30 იანვარს მიიღო. რუსული მხარე მას სხვადასხვა ბრალდებას უყენებს, მათ შორის არის - კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.