ვიმედოვნებ, რომ შეხვედრა არ იქნება წუთიერი - ბაჩალიაშვილები და ადვოკატი შოთაძესთან მივიდნენ

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან, სადაც ისინი დღეს ირაკლი შოთაძეს უნდა შეხვდნენ.

მიხეილ რამიშვილმა პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის, პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე

"რატომ მოხდა ისე, რომ პროკურორმა არაეთიკური კითხვები დასვა, რატომ მოინდომა ინფორმაციის მიღება, რაც უკავშირდება ჟურნალისტს და მიკავშირდება მე... არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც კიდევ უფრო მრავალი ხდება. ირაკლი შოთაძესთან მე უფრო საქმიანი კითხვები მექნება. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვ“- ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, პროკურორი ბულინგსა და ზეწოლაში გუშინ, 13 აგვისტოს დაადანაშაულა და თქვა, რომ მაია გოგორელიანი მას აიძულებდა ეთქვა, როგორ მოხვდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის ხელში ფურცელი წარწერით, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

გარდა ამისა, გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, რომ გამომძიებლები ოჯახს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შესახებაც ეკითხება და აინტერესებთ, რატომ არის ის მათი ინტერესების დამცველი და რა ჰონორარს უხდიან ამაში.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და  გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი