რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ საქართველოსთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა რაც "მათ ეკუთვნით" არ დათმობენ. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო ტელევიზია "ზვეზდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას," - თქვა ბჟანიამ.
ბჟანია NATO-ს მხრიდან საქართველოს დახმარებითა და ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, "სარწმუნოდ იცის," რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი "გროვდება."
"ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას," - ამბობს ბჟანია.
ამას გარდა, დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის "საკავშირო სახელმწიფოს "შეუერთდეს, თუმცა, მისი განმარტებით, ეს მხოლოდ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" შემთხვევაში მოხდება.