ვადიმ ალტმანი, დაბადებული 1964 წელს - რუსეთის პროკურატურა საქართველოს უკრაინის მოქალაქის ექსტრადირებას სთხოვს. 56 წლის კაცი ახლა რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და საექსტრადაციო სასამართლოს ელოდება. ალტმანი საქართველოში მეგობრების მოსანახულებლად ახალი წლის პერიოდში ჩამოვიდა. იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, ალტმანი დააკავეს და სექტემბერში საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გასდის.
ალტმანმა უკრაინის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო. როგორც მისი ცოლი, ელინა გვიყვება, მას შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. უკრაინის მოქალაქე მონაწილეობას იღებდა ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო დაპირისპირებაში და აქტიურად ამარაგებდა უკრაინელ სამხედროებს ფორმებითა და სპეციალური აღჭურვილობით. ვადიმ ალტმანი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინის მხარეს დგომა ვერ აპატია და მას რუსეთის ციხეში წამება ემუქრება.
რუსეთის პროკურატურა ალტმანს კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოდანაშაულს ედავება, თუმცა მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება რაც დაკავებულის ბრალს დაადასტურებს. საქმის გარემოებები უკვე შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი, ვინაიდან რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი მაგალითი არსებობს.
თუ ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას დათანხმდება ექსტრადირებაზე, ეს იქნება დანაშაულებრივი ქმედება - ამბობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს "ქართული ოცნების" გამოცდილებიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მოუწოდებენ მმართველ გუნდს, რომ გაითვალისწინონ რუსეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და უკრაინელი მებრძოლი წამებისთვის არ გაწირონ.
რუსეთის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ბევრი სმენია უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩს. ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საქართველოს მთავრობა არაა ვალდებული, რუსეთის მოთხოვნები შეასრულოს.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუკმაყოფილებია რუსეთის მოთხოვნა მათ მიერ ბრალდებული პირების შესახებ. რამზან ახიადოვი, ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე მთავრობამ ოკუპანტ ქვეყანას უპრობლემოდ გადასცა და დაკავებულის უსაფრთხოებაზე მხოლოდ წერილობითი გარანტიები მიიღო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად საქართველოს ხელისუფლება უცნობია. ვადიმ ალტმანის სასამართლო პროცესი სექტემბრის ბოლოს გაიმართება