"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განმარტავს რას ნიშნავს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას. დღეს, 1 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.
საიას ცნობით, იმპიჩმენტი არის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, რომელსაც, პირველ რიგში, შესაბამისი თანამდებობის პირის გადაყენება მოჰყვება.
განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას უშვებს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
"იმპიჩმენტის საფუძვლებია: კონსტიტუციის დარღვევა ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.
ამ საფუძვლების დადასტურების შემთხვევაში გადაყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს", - წერს საია.
რა პროცედურებია საჭირო იმპიჩმენტისთვის:
"პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ანუ, სულ მცირე 100 დეპუტატი). ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ცნობით, ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით - არაპირდაპირი წესით. კერძოდ:
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.