"მთავარმა არხმა" მოიპოვა ვიდეომტკიცებულება, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია უკვე წლებია საგულდაგულოდ მალავს. კადრები 2020 წლის ნოემბრით თარიღდება და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის დაკავებას ასახავს. საუბარია სპეცოპერაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასაკავებლად ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ ბორტზე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად მიხეილ ბატურინი აღმოჩნდა.
კადრები უკრაინულ კატარღაზე მეზღვაურებისა და მიხეილ ბატურინის დაკავებას ასახავს. ვიდეომასალაში ჩანს თავად მიხეილ ბატურინი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი გოჩა ბერიძე და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. ეს ვიდეომტკიცებულება სასაზღვრო პოლიციამ საქმის მასალებიდან გააქრო.
კადრებში ჩანს, რომ ბორტზე მყოფ პირებს ოპერატიული ჯგუფის წევრები აკავებენ, არადა საქმის მასალების თანახმად ისინი ამ გემზე საერთოდ არ ყოფილან.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი გოჩა ბერიძე "მთავარ არხთან" პირველად ყვება, როგორ გააფორმეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა უდანაშაულო ადამიანების უკანონო დაკავება.
უკრაინულ კატარღაზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ აღმოჩნდა, მაგრამ ხელმძღვანელმა პირებმა მაინც დარეკეს და გემის დაკავება მოითხოვეს ერთადერთი მიზეზით - იქ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იმყოფებოდა, ამაზე სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს.
მიხეილ ბატურინთან ერთად დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქეც, აბსურდული ბრალდება და ყალბი დაკავების ოქმი მოგვიანებით შეადგინეს.
სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილებაში დაკავება საერთოდ არ შედის, შესაბამისად ისინი, კანონმდებლობის თანახმად ბორტზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მოგვიანებით ვიდეომასალა დაამონტაჟეს და არასაჭირო პირები ამოჭრეს.
მიხეილ ბატურინსა და ორ უკრაინულ მეზღვაურს გაყალბებული საქმის საფუძველზე 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბატურინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობაში წერია, რომ მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს უკანონო დაკავებაში ყოფნის დროც. უკანონოდ დაკავებულებმა ციხეში 8 თვე გაატარეს, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილმა ისინი არ შეიწყალა.
უკრაინული კატარღა და მასზე მყოფი პირები დააპატიმრეს, მაგრამ ესკორტით გააცილეს რუსი ბიზნესმენის კუთვნილი იახტა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წინასწარი შეტყობინების გარეშე კანონდარღვევით შემოვიდა, მას ბელარუსის მოქალაქე მართავდა.
სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მეზღვაურის ვინაობა დაადგინეს. ასევე დადგინდა რომ რომ იახტა თურქეთიდან საქართველოს გავლით ნოვოროსისკის პორტში მიემართებოდა. ისინი ვალდებული იყვნენ სამართლებრივი რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან სხვა დირექტივა მიიღეს. ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს კანონის აღსრულების ნაცვლად რუსი ბიზნესმენის კატერი გააცილებინა.
გოჩა ბერიძემ თანამდებობა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვა, ახლა ის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, როგორც ამბობს სასაზღვრო პოლიციის მთავარი დანაშაული, რის გამოც სამსახურიდან წამოვიდა ჯერ სათქმელი აქვს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი