სახალხო დამცველი პროკურატურას უპირისპირდება. ომბუდსმენი სისიხლის სამართლის იმ კოდექსზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც მხარეები თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაცული არ არის. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყების მოთხოვნა, ხელი მოაწერონ ადვოკატერბმა გაუთქმელობას, მათ უთანასწორო პოზიციაში ჩაყენებას ნიშნავს.
ვფიქრობ, რომ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც პროკურატურამ მოსთხოვა დაცვის მხარეს გაუთქმელობის შეთანხმების ხელმოწერა, ვფიქრობ, რომ ეს არღვევს სისხლის სამართლის კოდექსში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უკვე საჯაროდ ისაუბრა საქმეში არსებულ, მისთვის სასარგებლო მტკიცებულებებზე და საზოგადოებას შეუქმნა წარმოდგენები, - ამბობს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურა მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა.
ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატმა დაიცვან. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.