რეპრესიები ბელარუსში - უკვე მეექვსე დღეა, ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

გამოქვეყნდა:

სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მინსკში რამდენიმე სპეცრაზმელმა მშვიდობიან მომიტინგეებთან დაპირისპირებაზე უარი თქვა. გაუჩინარების შემდეგ, დღეს პირველად გააქტიურდა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია. ლიტვაში მყოფმა პოლიტიკოსმა მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციისა და საკუთარი არჩევანის დაცვისკენ მოუწოდა. 

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალა ასახავს, როგორ იყენებენ ძალას ბელარუსი სამართალდამცველები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინაღმდეგ.

მასალაში ასახულია ის დაზიანებები, რაც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ადგილობრივმა მილიციამ მიაყენა. ფოტოები სოციალურ მედიაში თავად დაზარალებულებმა გაავრცელეს და სამართალდამცველები არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს. 

დღევანდელი დღე ბელარუსში შედარებით მშვიდი გამოდგა. ხელისუფლებამ აქციებზე დაკავებული რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება გადაწყვიტა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი უმიზეზოდ დაკავებულებს ბოდიში მოუხადა.

მიუხედავად ამისა, რეპრესიები, როგორც ჩანს, ამით არ დასრულებულა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის უმსხვილესი ტელეგრამ-არხის, „ნექსტას“ დამფუძნებელ სტეპან პუტილოზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბაბი, როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არხზე გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი მამხილებელი კადრები გახდა, რომლებშიც ბელარუსის მილიციისა და სპეცრაზმის სისასტიკე იყო ასახული. 

ამასობაში, ბელარუსის საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებიც გამოაქვეყნა და თუ ვინმე სიურპრიზს ელოდა, გაწბილებული დარჩა: გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, ხმების 80.1%-ით. რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას, მან ხმების 10.1%  მიიღო. ლუკაშენკოს გარდა, შედეგები ყველა კანდიდატმა გაასაჩივრა, თუმცა ამაოდ. საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები განხილვაში არ მიიღო.

არჩევნების შედეგების გამოცხადებამადე ბელარუსის მთავრობამ მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებების მზადყოფნა გამოთქვა, განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დიპლომატიური უწყების პოზიციის მიუხედავად უკან დახევას არ აპირებს ალექსანდრ ლუკაშენკო და აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

თავშეკავებისკენ და სიბრძნის გამოჩენისკენ მოუწოდა მოსახლეობას მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა პავლემ. გარდა ამისა, მან სასულიერო პირებს სთხოვა, არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში და დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკვე მედიკოსებიც ღიად აპროტესტებენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციიის მონაწილეების მოთხოვნებს შეუერთნენ.  ექიმები ქუჩაში გამოვიდნენ და შეძახილებით ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები გაამხნევეს. 

პროტესტის პარალელურად, ლუკაშენკოს მთავრობამ საპატიმროებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლები აქციის მასშტაბური დაშლის დროს დააკავეს. ციხიდან გამოსული მოქალაქეები იმ რთულ ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, რაც საპატიმროშია. 

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ მსოფლიო ლიდერები. სლოვენიის პრემიერი მინსკს ხელახალი არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების მონაწილეობით ჩატარებას ურჩევს. საერთაშორისო საზოგადოება უკვე ღიად ალაპარაკდა, რომ ოფიციალური მინსკი მიმდინარე პროცესების გამო მკაცრ პასუხს მიიღებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი მინსკის დარბევებში მონაწილე ძალოვნების სანქცირებულთა სიაში შეყვანას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი