
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს კამპანია, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. კალაძე ამბობს, რომ "ნაცური" ნარატივი და ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები "ოცნების" შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ.
კალაძემ "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს აზროვნება დაუწუნა და თქვა, რომ არც დანარჩენებს აქვთ მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობები.
"არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს", - თქვა კალაძემ.
25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა სხვადასხვა უბნებში ცათამბრჯენების მშენებლობას. ხელისუფლების ოპონენტები კი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ, მათი თქმით, პროექტების უკან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები დგანან, მათ შორისაა "ოცნების" მოქმედი დეპუტატი და მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველი. იხილეთ: