"არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლა კანდიდატის სტატუსს მისცემენ... მე რომ პრეზიდენტი ვიყო, დღეს სააკაშვილს კარებს გავუხსნიდი", - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში საუბრობს.
...მე ყოფილი დიპლომატი და ახლა პოლიტიკოსი ვარ და შეგრძნებები კარგად მაქვს განვითარებული. სიმართლე გითხრათ, არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ ახლა. შანსები 50-50-ზეა. მე ვუთხარი თქვენი მთავრობის წევრებს, რომ მადლობა გვარამიას გათავისუფლებისთვის, მაგრამ თქვენს ადგილას რომ ვიყო, სააკაშვილსაც გავათავისუფლებდი-მეთქი. ეს დადებით გავლენას მოახდენდა დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. ოქტომბერში კომისია რეკომენდაციას დაწერს, მაგრამ დეკემბერში თითოეული სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავს ლიეტუვის პარლამენტში. ასე რომ, თუ თქვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყანაზე ფიქრობს, თუ მას აქვს ეს პატრიოტული გრძნობა, რომელიც, როგორც ხშირად მეჩვენება, საქართველოში ბევრს აკლია, მაშინ ის სააკაშვილს შეიწყალებს და ის წავა პოლონეთში სამკურნალოდ. პოლონეთის სიტყვა კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია.
...მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, დღეს სააკაშვილს კარებს გავუხსნიდი და ეს ძალიან ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შემოაბრუნებდა საქართველოსკენ. ჩვენ კიდევ დაგვრჩება ბევრი შეკითხვა საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ეს ნაბიჯი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ცოდვა ნომერი ერთი, რომელსაც პოლარიზაცია ქვია, კლებულობს. ამიტომ, თუ თქვენს პრეზიდენტს ეყოფა სიმამაცე და გამოაჩენს მას ისე, როგორც ეს გააკეთა რუსული კანონის მიღების მცდელობისას, მაშინ ის ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებს....
რთულია წინასწარ რამის თქმა და გარანტიების მოცემა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკომისია გასცემს დადებით რეკომენდაციას ოქტომბერში, ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას შეუძლია, ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს. ასე რომ, რთული სიტუაციაა. გარდა ამისა, ევროკავშირში არსებობს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არ არის საჭირო გაერთიანებაში ახალი წევრების მიღება და რომ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინასა და მოლდოვას, რადგან ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და უკრაინელები სისხლს ღვრიან. თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინაში დღეს ქართველებიც ღვრიან სისხლს. ასევე არის შეგრძნება, რომ საქართველოს მთავრობა შეგნებულად იქცევა ისე, რომ ეს სტატუსი ქვეყანამ არ მიიღოს, შემდეგ ბრიუსელს დაბრალდეს ყველაფერი და საქართველო გადაიყვანონ რუსეთის ხელში. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ბრიუსელმა რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოს, მაგალითად მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებით ან გადადოს ამ სტატუსის მიცემა, ეს დაუკავშიროს არჩევნებს და ახალი მთავრობის მოსვლას, რომელსაც ექნება უნარი, რომ გაწევრიანების შესახებ ბრიუსელს ესაუბროს...
მე ვფიქრობ, ბრიუსელი დაგისახავთ ძალიან კონკრეტულ პირობებს და თუ ეს მთავრობა ამ პირობებს მაინც არ შეასრულებს, მაშინ ყველაფერი თქვენს ხელშია, არჩევნებზე ახალი ხალხი უნდა აირჩიოთ, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსკენ წაიყვანს. ამავე დროს, ჩვენ დავიწყებთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და გარდა ამისა, ძალიან მინდა, ყოველდღიურად ვლოცულობ, რომ მომავალი წლის ივლისში უკრაინა ნატოში მოვიწვიოთ. საქართველო კი ამ რბოლიდანაც ამოვარდნილია, - ამბობს პავილიონისი.
ის საქართველოში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ვიზიტსაც ეხმაურება. პავილიონისი შიშობს, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ვიზიტი საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს.
ბორელის ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და ეს პრობლემაა, რადგან ისინი ხშირად სწორ რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ არასწორ რაღაცებს აკეთებენ. ბალტიის ქვეყნებისთვის რუსეთის ფაქტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჩვენ ყველა საზღვარი დავკეტეთ რუსი ტურისტებისთვის, შევწყვიტეთ ყველა ავიარეისი, ჩავჭერით ყველა სახის ეკონომიკური კავშირი და ასე შემდეგ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ მორალურად სხვას ვერაფერს გავაკეთებდით, რადგან ვერ დავაფინანსებდით აგრესორს, რომელიც ჩვენს დებსა და ძმებს კლავს. ამასობაში კი საქართველოს მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ გვინდა თქვენი ომში ჩათრევა. ამასთანავე, თქვენი პრემიერმინისტრი კარს უღებს რუსებს, რომლებიც ამხელა რაოდენობით შემოდიან ქვეყანაში და ბევრი მათგანი პუტინთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ რუსეთში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. ისინი ეცდებიან, ამ ფულით თქვენს სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ, გზები იპოვონ, რომ ახალი გავლენები დააწესონ. ამას წინათ რამდენიმე ევროპელთან ერთად ვხუმრობდით, რომ ასეთ ხალხს ომის გადასახადი მაინც უნდა დაუწესო, რადგან ისინი ომს აფინანსებენ და ამისთვის საქართველოს ამ არაჩვეულებრივ ტერიტორიას იყენებენ, - განაცხადა მან.