
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
გერმანიაში, ბოლო 24 საათში 2 000-მდე ფაქტი დადასტურდა. ვითარება გაუარესდა ესპანეთშიც. დიდი ბრიტანეთის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების მიხედვით კი საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და მალტიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.
კორონავირუსის მეორე ტალღა, როგორ ჩანს, უკვე რეალობაა. შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ ევროპის რამდენიმე ქვეყანა იტყობინება, მათ შორის ჩვენი მეზობლები თურქეთი და რუსეთი. თურქეთში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირებული 1500 ახალი შემთხვევიდან 18 ფატალურად დასრულდა. მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, რაც დაავადების კონტროლს უფრო ეფექტურს ხდის. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 000-დე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 119 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რთული სიტუაციაა გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე სერიოზული ზრდა დაფიქსირდა. საუბარია 1200 შემთხვევაზე და, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მიზეზი ნაწილობრივ შვებულებიდან დაბრუნებული ხალხის დიდი რაოდენობაა. ბუნდეს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ახლა ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, საქმე ეხება კატალონიის, არაგონისა და ბასკეთის რეგიონებს.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ესპანეთი დასავლეთ ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა გახდება, რადგან ბოლო დღეებში ქვეყანაში 2 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და, გარდა ამისა, 675 აქტიური აფეთქების შესახებ იტყობინებიან.
ციფრები მზარდია საფრანგეთშიც, სადაც 3 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც პარიზის ყოველწლიური მარათონი გაუქმდა. თავდაპირველად ღონისძიება აპრილში იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ნოემბრისთვის გადაიდო და ახლა საერთოდ გაუქმდა. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთში ნიღბების ტარება ხალხმრავალ ქუჩებშიც სავალდებულო გახდა.
მთავრობის პრესმდივანი გაბრელ ატალი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიტიკულ წერტილს უახლოვდება, რის გამოც ხალხის კონტროლს პოლიცია განახორციელებს.
პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა საბერძნეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 262 ახალი შემთხვევა ვლინდება. ქვეყანაში ამ მომენტისთვის 216 გარდაცვლილია, მთლიანობაში კი დაავადებულთა რაოდენობა 6000-ს აჭარბებს. გაუარესებული სიტუაციის გამო ხელისუფლებამ ზოგიერთ ტურისტულ დასახლებებში რესტორნებსა და ბარებისთვის შეზღუდვები შემოიღო.
ყველაზე რთული სიტუაცია კი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აქ 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში კი ვირუსით 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 170 000-მდე გარდაიცვალა.