საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ერთადერთი გზა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მოხდეს. მისივე თქმით, ვერ ხედავს ამ საკითხისა და 12 რეკომენდაციის შესრულების თემას შორის კავშირს.
"მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება [ევროინტეგრაციის პროცესის] დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, ფოკუსირებული ვართ 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად", - თქვა დარჩიაშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის წარდგინება და სასამართლო მომდევნო 1 თვის განმავლობაში იმსჯელებს საკითხზე.