პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ ამ ხელმოწერებით დაიწყო ლუსტრაცია, თუ ვინ ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.
დოკუმენტს ხელს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს.
"დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, და ეს ლუსტრაციის პროცესი დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს "ქართულ ოცნებას" და უმრავლესობას თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, დღეიდან უკვე, როგორც ჩანს, საქმით, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში გარდა პრეზიდენტის აქტივობისა, ყველაფერი აკმაყოფილებთ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში იწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი", - თქვა მსხილაძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის წარდგინება და სასამართლო მომდევნო 1 თვის განმავლობაში იმსჯელებს საკითხზე.