
აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება რამდენიმეწინადადებიანი განცხადებით, ყველაფერს "დეზინფორმაციულ კამპანიას" უწოდებს:
"თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას." ნათქვამია ბურჭულაძის სამინისტროს განცხადებაში.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. ფაქტი კი ხელისუფლებამ დამალა. მიზეზად "ოცნებამ" რუსეთის "არგაღიზიანება" დაასახელა.