Newsweek-ის სტატია: "საქართველოს ევროინტეგრაცია დიდწილად 2024 წლის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული"

გამოქვეყნდა:

"უკრაინის მსგავსად, საქართველო რუსეთსა და ევროკავშირს შორისაა მოქცეული", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Newsweek სტატიას. 

მაიკლ ვასიურას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ საქართველოში, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია დიდწილად 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მათივე თქმით, "სავარაუდოა, რომ სრულიად თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება".

გამოცემა წერს, რომ 15 წლის წინ, აგვისტოში, "საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში რუსული ძალები შევიდა - ქვეყანა მოსკოვის ძალებს ორ სეპარატისტულ რეგიონში ებრძოდა". მათივე ცნობით, ამ ომმა 6 წლის შემდეგ, 2014 წელს უკრაინაში მომხდარი ომი ბევრი ასპექტით იწინასწარმეტყველა, რუსეთი კი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს.

"რუსეთმა 2012 წლის არჩევნები ძალიან წარმატებით გამოიყენა", - ამბობს გამოცემა Newsweek-თან "ლელო-საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი. "ამჟამინდელი ხელისუფლების პროპაგანდამ გაავრცელა მესიჯი, რომ 2008 წლის ომი პროდასავლური პოლიტიკური ბლოკის ბრალი იყო და რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება მხოლოდ მათ შეუძლიათ".

თუმცა, სტატიაში წერია, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან განსხვავებით, როდესაც ომის პირველ დღეებში მოსკოვის ჯარები კიევისკენ გაემართნენ, "2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შესული რუსული ძალები, დედაქალაქის აღების სერიოზული მცდელობის გარეშე შეჩერდნენ".

"იმის ნაცვლად, რომ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აეღოთ, რუსეთმა შეტევითი ოპერაციები ხუთი დღის შემდეგ შეწყვიტა. შემდეგ მან დაიწყო მუშაობა და ხელი შეუწყო საქართველოს პროდასავლური ხელისუფლების დემოკრატიული საშუალებებით ჩამოგდენას", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს, "ქართული ოცნება", რომელიც უკვე 12 წელია მმართველი პარტიაა, როგორც ჩანს, ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადაყვანას აპირებს. 

"ევროკავშირი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამართავს კენჭისყრას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დამკვირკევლების უმეტესობა ელოდება, რომ საქართველოს მთავრობის წარუმატებლობა დემოკრატიისა და კორუფციის რეფორმების თვალსაზრისით, ბრიუსელის მორიგ უარს გამოიწვევს, იმ შედეგს, რაც ბოლო კენჭისყრაზე, 2022 წლის ივნისში დადგა", - წერს სტატიის ავტორი. 

გამოცემა ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტსაც. სტატიაში წერია, რომ "ბორელმა ნათლად თქვა: რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, "კარი ღიაა და ჩვენ გვსურს თქვენი მხარდაჭერა ამ გზაზე... მაგრამ ბორელმა განაგრძო და თქვა: „კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რისი უფლებაც ქვეყნებს აქვთ. ის უნდა მოიპოვონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების ერთგულებით... გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი საქართველოს მიერ". 

სტატიაში წერია, რომ სალომე სამადაშვილი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნების" მიერ ბრიუსელში დადებითი ხმის მოსაპოვებლად აუცილებელი ნაბიჯების წარუმატებლობამ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე შეუქმნას. "ქართული ოცნება" რისკავს ევროკავშირთან გაუცხოებით", - თქვა სამადაშვილმა, რომელმაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. სწორედ ამას მოჰყვა საპროტესტო მოძრაობა, რის შემდეგაც ის თავის შესაფარებლად რუსეთში გაიქცა. 

"ქართული ოცნება" თავს არიდებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ცდილობს მიზანს მიაღწიოს "ცუდად მოქცევის მცდელობით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი გახადოს... როგორ იმოქმედებს ეს მათ პოლიტიკურ მომავალზე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია... მაგრამ, მე მჯერა, რომ ეს მათ აუფეთქდებათ", - თქვა გამოცემის თქმით სალომე სამადაშვილმა.

Newsweek წერს, რომ მათ შეკითხვებს საქართველოს პრემიერმინიტრისა და "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფისში არ უპასუხეს.

გამოცემასთან "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამაც ისაუბრა. 

"სამთავრობო მედიასაშუალებები რეგულარულად მოიხსენიებენ ქვეყნის ოპოზიციას როგორც "ომის გლობალურ პარტიას" და "საერთაშრისო აგენტს". ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, განისაზღვრება იმით, დათანხმდება თუ არა ქვეყანა "რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას...

წინ არჩევნებია და თუ "ქართული ოცნება" პირდაპირ იტყვის, რომ რუსეთის მხარესაა, იციან, რომ წააგებენ. შეიძლება არჩევნების შემდეგ გამოვიდნენ და გამოაცხადონ თავიანთი ნამდვილი ერთგულება, მაგრამ არსებობს მიიზეზი, რის გამოც ისინი საუბრობენ "მშვიდობის მომხრეობაზე" იმის ნაცვლად, რომ თქვან, რომ "რუსეთის მხარეს" არიან", - ციტირებს გამოცემა ნიკა გვარამიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი