ფარცხალაძე რუსეთში სულ მცირე 4 კომპანიას ფლობს - რას საქმიანობს ყოფილი გენერალური პროკურორი

გამოქვეყნდა:

დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშია მხილებული, ოკუპანტ ქვეყანაში, სულ მცირე, 4 კომპანიას ფლობს. ყველა მათგანი ბოლო 2 წელიწადშია დაფუძნებული. 

რუსეთის საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ფარცხალაძემ აქტიური ბიზნეს საქმიანობა უკრაინაში პუტინის ომის პარალელურად დაიწყო. რეგისტრაციის თარიღები 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მერყეობს.

შეერთებული შტატების სასანქციო დოკუმენტში ფარცხალაძის ორი კომპანია მოხვდა. ორივე მათგანი სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის და ორივეში ყოფილი პროკურორი აქციების 50 პროცენტს ფლობს.

მთავარი კომპანია ემ-ბი-ბი-ა - მოსკოვის ბროკერიდჯ კომპანი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი "აირზენას" ყოფილი მფლობელი, რომან ბოკერიაა. კომპანია ძირითადად ყიდულობს და ყიდის მზა ბიზნესებს, ასევე ორიენტირებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე. მისსავე საქმიანობაში შედის ბიზნეს აქტივების მართვა რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, სწორედ რომან ბოკერია ხელმძღვანელობდა ახალი პარტნიორების მოძიებას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ალჟირი იყო.

რომან ბოკერია დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა როგორც ჩანს ფარცხალაძემ საკუთარი რუსული ბიზნესი სანდო ხელებში დატოვა, რადგან ბოკერია პუტინის მეხოტბეა და პირადად სთხოვდა მას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი