თავისუფლებისთვის მებრძოლი ბელორუსი - მშვიდობიან დემონსტრანტებს ლუკაშენკომ კონტრაქცია დაუპირისპირა

გამოქვეყნდა:

საპრეზიდენტო არჩევნებიდან 1 კვირის თავზე ბელარუსში კვლავ მასობრივი გამოსვლებია. მშვიდობიანი დემონსტრანტები არალეგიტიმურ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

მინსკის ქუჩები სავსეა ადამიანებით,რომლებიც 26 წლიანი მმართველობის ცვლილებას  მშვიდობიანი მეთოდებით ითხოვენ.

პროტესტის მერვე დღეს მშვიდობიან დემონსტრანტებს ბელარუსის პრეზიდენტმა სამთავრობო აქცია დაუპირისპირა.

ორგანიზაციამ „თეთრი რუსეთი“ მინსკის მთავარ მოედანზე გამოსვლისკენ მოუწოდა ყველას, ვინც ლუკაშენკოს უჭერს მხარს და ქვეყნის ორად გახლეჩვას ეწინააღმდეგება. პროსახელისუფლებო აქციაზე გამოჩნდა თავად ალექსანდრ ლუკაშენკოც და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

ლუკაშენკო ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ბელარუსი მოქალაქეების დიდი ნაწილი ერთიანობას ინარჩუნებს და პროტესტის მერვე დღეს მინსკის ქუჩებში თავისუფლების მსვლელობას აწყობს.

მშვიდობიან მომიტინგეებს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ.
სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშჩენიამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა და  დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპიც გამოეხმაურა.
პაპი ფრანცისკე ყურადღებით აკვირდება ბელარუსში განვითარებულ პროცესებს და ხელისუფლებას სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები კი ბელარუსის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და  შავი სიის შედგენას იწყებს, რის მიხედვითაც დემონსტრანტებზე თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციები გატარდება.

დასავლეთი სანქციებისთვის ემზადება, ლუკაშენკო კი ხსნას და დახმარებას კვლავ რუსეთში ხედავს. პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, რუსეთი მზადაა ბელარუსს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალებით დაეხმაროს.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ბელარუსი ხალხი 8 დღეა ქუჩაში უპრეცედენტო ძალადობის ფონზე თავისუფალ არჩევანს იცავს. ვრცელდება უმძიმესი კადრები, სადაც სავარაუდოდ 10 აგვისტოს მინსკში, ერთ-ერთი დემონსტრანტის სიკვდილია აღბეჭდილი. ალექსანდრ ტარაიკოვსკი სიცოცხლის ბოლო წუთებში სპეცრაზმის წინაშე ხელებაწეული დგას. საკუთარი ხმის დასაცავად ქუჩაში გამოსული 34 წლის მამაკაცი გუშინ დაკრძალეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი