უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო

გამოქვეყნდა:

3 მომხრე, 2 წინააღმდეგი - უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა, თუმცა  განხილვა ფორმალური იყო და კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისთვის კენჭისყრაზე მხარი არ დაეჭირათ.

შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობას კენჭისყრის წინაც მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის.

კანონპროექტის ჩაგდებაზე განცხადება გუშინ, 18 სექტემბერს , ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე 14 სექტემბერს მიიღეს. დოკუმენტზე ხელისუფლებამ ფარულად, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე იმუშავა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა წერია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. 

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა. 

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე, ვენეციისა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი