სუს-მა დაადასტურა, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის გამოკითხეს, თუმცა უცნობია როდის და რა კითხვები ჰქონდათ ფარცხალაძესთან უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს. ასევე უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, სავარაუდოდ, 319-ე მუხლია ის, რაც ფარცხალაძის საქმეს მიესადაგება. სუს-სს ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
319-ე მუხლი უცხო ქვეყნისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე გამოკითხეს, დღეს "ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა. მისივე მტკიცებით, ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მუხლი დაკონკრეტებული არ ყოფილა.
14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ლილუაშვილის უწყებამ განცხადება 15 სექტემბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ან განცხადება აღარ გაუვრცელებია.