ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე თავდასხმაში მონაწილე დაკავებული ფიგურანტების იდენტიფიცირებას "მთავარი არხი" ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ტატო ხუნდაძე, რომელიც საჯარო მოხელეა, დედაქალაქის ერთ-ერთ გამგეობაში მუშაობს და სწორედ ის ფიგურირებდა 2020 წლის არჩევნების დროს გლდანში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებში.
შსს-მ სულ, 6 პირი დააკავა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ელგუჯა შუკაკიძე, თუმცა შსს ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში 40-მდე პირი მონაწილეობდა.
პარალელურად კი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციამ გუშინ გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააკავა, მაშინ როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადგილზე ნაცემი თანაგუნდელის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს მათ პოლიციის საქმიანობაში ხელშეშლას და სამართალდამცველებისთვის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება