
ანექსირებულ სევასტოპოლში თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა.
რუსეთის მიერ დანიშნული "ხელმძღვანელი", მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამზე წერს, რომ თავშესაფრები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოამზადეს, რომ "ქალაქში შედარებით სიმშვიდე იყო", მაგრამ მისივე თქმით, "ის, რაც ახლა ხდება, უკვე რეალობაა“
" მე დავავალე ევგენი სერგეევიჩ გორლოვს, დაეწყო შემოწმება დროებითი თავშესაფრების...
ნუ ელოდებით, რომ ვინმე მივა და იქ წყალს მოაგროვებს, სკამებს, იატაკს დაამონტაჟებს, ან ვენტილაციას უზრუნველყოფს. ყველა დროებითი თავშესაფრის ამ გზით გაუმჯობესება შეუძლებელია, ამას მილიარდები სჭირდება. ხაზს ვუსვამ, რომ თავშესაფრები დროებითია, ეს არ არის ბომბის თავშესაფრები. ისინი ძირითადად საჭიროა რაკეტების ფრაგმენტებისა და გატეხილი მინებისგან თავის დასაცავად. ეს უნდა გაიგოთ და მიიღოთ" მიმართავს სევასტოპოლის მოსახლეობას რუსეთის მარიონეტი.
ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, დილით ქალაქში ორჯერ გამოცხადდა სარაკეტო განგაში. იქამდე კი უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევის ცნობით, დარტყმის მსხვერპლი რამდენიმე მაღალჩინოსანი რუსი სამხედრო გახდა.